ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების და წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა
,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის და "დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 23 სექტემბრის №667 ბრძანება) თანახმად, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის მიხედვით (ფორმა 1), რომელსაც ყოველწლიურად ავსებენ საქმიანობის სუბიექტები და საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ 15 თებერვლამდე წარუდგენენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტს (ქ. თბილისი, გულუას ქ.#6, 0114, ელ-ფოსტა: air@moe.gov.ge ), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს დაბინძურების ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობის მიხედვით 31 იანვრამდე (ფორმა 2), რომლებიც, თავის მხრივ, შეთანხმებულ ამ ფორმებს წარუდგენენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს 15 თებერვლამდე. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის შევსებას აწარმოებს ყველა ფიზიკური და იურიდიული (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირი, რომელთაც გააჩნიათ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროები.
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის შევსების წესები:
1. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმაში აისახება მონაცემები დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილ და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ, აგრეთვე აირმტვერდამჭერ მოწყობილობაში მოხვედრილ, დაჭერილ და დაჭერილიდან წარმოებაში გამოყენებულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობების შესახებ. ფორმაში წარმოდგენილია, ასევე მონაცემები საწარმოს საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ.
2. აღრიცხვას ექვემდებარება საწარმოში არსებული ორგანიზებული და არაორგანიზებული დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან წარმოქმნილ აირებში შემავალი ყველა მავნე ნივთიერება.
3. პირველ სვეტში აღინიშნება სტრიქონის ნომერი.
4. მე-2 სვეტში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა დასახელება და მასში მითითებულია ძირითადი მავნე ნივთიერებები. მე-2 სვეტში მითითებულ ძირითად მავნე ნივთიერებათა გარდა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ სვეტში სპეციალურად გამოყოფილ შეუვსებელ სტრიქონებში სხვა მავნე ნივთიერებათა დასახელებების ჩაწერა.
5. მე-3 სვეტში აღინიშნება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა.
6. მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში აღინიშნება შესაბამისად აირმტვერდამჭერ მოწყობილობებში მოხვედრილი, დაჭერილი და დაჭერილიდან წარმოებაში გამოყენებული მავნე ნივთიერებათა რაოდენობები.
7. მე-7 სვეტში აღნიშნულია საანგარიშო წელს სულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, ხოლო მე-8 სვეტში _ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმა.
8. თუ საწარმო არ არის აღჭურვილი აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით, მაშინ ფორმის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტები არ ივსება და ამ შემთხვევაში სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა (სვეტი 3) ტოლი იქნება სულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობისა (სვეტი 7).
9. მე-3 და მე-8 სვეტების მონაცემები (განზომილება-ტონა/წელი) მოყვანილ უნდა იქნეს მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტით.
წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა
ასევე ,,წყლის შესახებ" და ,,სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად, წყალმოსარგებლეები ანგარიშვალდებულნი არიან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტს (ქ. თბილისი, გულუას ქ.#6, 0114) წარმოადგინონ ,,სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №04-I-01" (წლიური), რომლის შევსება ხორციელდება "წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის შესახებ" ინსტრუქციის შესაბამისად (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის 3 ნოემბრის №63 ბრძანება). ყველა წყალმოსარგებლე სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს საანგარიშო წლის შემდგომი წლის 15 თებერვლამდე აუცილებელი წესით წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების მიერ შევსებული ფორმების შეგროვება ხდება უშუალოდ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ 15 იანვრამდე.
_1.jpg)