კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში გუშინდელი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, რომლებიც წაქცეული ხეებისგან გზებს წმენდენ. სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიულ ორგანოს ამ დროისთვის უკვე ასზე მეტმა ადგილობრივმა მიმართა სახურავის დაზიანების შესახებ. ქარიშხლის შედეგად მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანდა, დასეტყვილია ვენახები და სასოფლო-სამეურნო სავარგულები. მოსახლეობის განცხადებით, თუ რთველი დროზე არ დაიწყება, ორ დღეში ყურძენი ლპობას დაიწყებს. ჩუმლაყში, საქართველოს პრეზიდენტთან, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, იმყოფებოდა გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, რომელმაც ადგილობრივი პრობლემები მოისმინა.
"მთავარია, ზუსტად, ადგილზე გავიგოთ, რა პრობლემები აქვს დაზარალებულ მოსახლეობას და თითოეულმა დაზარალებულმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობამ თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. ბრიგადები მობილიზებულია როგორც გურჯაანში, ასევე სხვა რაიონებშიც ბრიგადები, რომლებიც სახლებს ხურავენ. ვისთანაც ამ დრომდე არ მივსულვართ, არ ინერვიულოს, მივალთ ყველგან და ყველა დაზარალებული მიიღებს კომპენსაციას", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
