„მწვანე ყუთები“ სკოლებში
გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, საქართველოში გაეროს ელჩის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა და განათლების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე პირველ გიმნაზიას ეწვივნენ, სადაც „მწვანე სკოლების" კონკურსი გამოაცხადეს და სკოლას საჩუქრად „მწვანე ყუთი" გადასცეს.
„მოხარული ვარ, რომ მსგავსი აქციები საკმაოდ მასობრივ ხასიათს იღებს და სკოლაში „მწვანე ყუთის" შემოსვლა ნიშნას, რომ მომავალი თაობა იქნება ჩვენზე უკეთესი, უფრო კარგად იქნება დაცული ჩვენი ბუნება, უფრო მაღალი საზოგადოებრივი შინაგანი კულტურა იქნება გარემოს დაცვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ბავშვი არის ჩართული „მწვანე" მოძრაობებში," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
გარემოს დაცვის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით - „შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე!", რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსახლეობაში. წელს გარემოს დაცვის მთავარი თემაა - „ბუნება თქვენს სამსახურში". სანაგვე ყუთში დიდი რაოდენობით ისეთი ქაღალდი იყრება, რომელიც მეორადი გადამუშავებისათვის გამოდგება. მაკულატურის უტილიზაციას და გადამუშავებას დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. მეცნიერების გამოთვლით, 1 ტონა მაკულატურით 5 კუბურ მეტრამდე ხის მასალის ეკონომია ხდება, რაც 20-25 ხის გადარჩენის საშუალებას იძლევა.
„გაეროს განვითარების პროგრამამ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გადაწყვიტა მაკულატურის შეგროვების კამპანიის დაწყება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ღონისძიებაში ჩაერთვებიან არა მარტო სკოლები, არამედ საზოგადოებრივი, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები, რომლებიც ნამდვილად შეუწყობენ ხელს, რომ გადავარჩინოთ ტყე," - განაცხადა ინიტა პაულოვიჩამ.
„მწვანე სკოლების" კონკურსი მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში მაკულატურის შეგროვების მიზნით, "მწვანე ყუთების" განთავსებას, ასევე სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით 1 წლის შემდეგ - გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ყველაზე „მწვანე" სკოლის გამოვლენას.
სამინისტრო განახორციელებს კოორდინაციას იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც აწარმოებენ მაკულატურის მეორად გადამუშავებას და უზრუნველყოფენ გატანას. მაკულატურის შეგროვების შემდეგ ქაღალდის გადამუშავება და მეორადი გამოყენება მოხდება. ინიციატივა „შეაგროვე მაკულატურა - გადაარჩინე ტყე" ემსახურება საზოგადოებაში მაკულატურის შეგროვებისა და ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას, ქაღალდის პარკების გამოყენების პოპულარიზაციას, გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებას, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების პროპაგანდას, საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებას გარემოს დაცვისთვის.
