სათაფლიის ნაკრძალი ტურისტებისთვის ოფიციალურად გაიხსნა

2011-05-06

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთში ლაშა მაქაცარიამ ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნეს.
"ამ ღონისძიებით დღეიდან სათაფლიის ნაკრძალი ოფიციალურად გახსნილია ტურისტებისთვის. ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს. მოხარული ვარ, რომ დღესვე სათაფლიას ეწვივნენ უცხოელი ტურისტები: უკრაინელები, რუსები. გაოცებული ვარ მათი ოპერატიულობით," განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
გახსნის ცერემონიის პარალელურად ქ. ქუთაისის მზრუნველობამოკლებულ "ბავშვთა სოფლის" 30-მდე აღსაზრდელმა სათაფლიის ნაკრძალი, დინოზავრის ნაკვალევი, მღვიმე და მინის გამჭვირვალე გადასახედი დაათვალიერეს. ღონისძიების ბოლოს ნაკრძალის საგამოფენო დარბაზში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სააგენტოსგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სათავგადასავლო ტურების მოყვარულ ვიზიტორებს სათაფლიის ნაკრძალში შეეძლებათ სხვადასხვა სახის ტურების ორგანიზება: პალეონტოლოგიური ტური, სპელეოტური, ფოტო-ტური, ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო ტური კოლხურ ტყეში. ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ სასტუმროს სერვისით ისარგებლონ და მინის გამჭვირვალე პანორამული გადასახედიდან ქუთაისის ხედით ისიამოვნონ.